სტუდენტთა საუკეთესო სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია ქართულ უნივერსიტეტში

5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სტუდენტთა სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტები, რომლებიც სტუდენტების მიერ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მომზადდა.

 

პრეზენტაციის გახსნისას „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და „IFES-საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნიშიჩმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სამოქალაქო აქტივიზმისა და „დემოკრატია და მოქალაქეობის“ საუნივერსიტეტო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციაზე საკუთარი სტუდენტური პროექტები წარადგინეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და ქართულ ამერიკული უნივერისატეტის სტუდენტებმა. პროექტთა თემატიკა ეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ეთნიკური უმცირესობებისათვის სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და მათი ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სფეროში, ძალადობის აღმოფხვრა სკოლებში, სისხლის დონაცია, ეკოლოგიური პრობლემები, შშმ პირთა უფლებები და ა.შ.

 

პროექტთა ძირითად მიზანს საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს.

პრეზენტაციაში ვიდეო ხიდის მეშვეობთ ჩაერთნენ სტუდენტები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის სასწავლო უნივერსიტეტიდან.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.