„CIVICUS”-ის მე-16 ნომერი გარემოს უსაფრთოებას ეძღვნება. უსაფრთხო გარემო განხილულია სხვადასხვა კონტექსტში. რა თქმა უნდა, მოცემული კრებული ვერ ასახავს სრულად ჩვენს გარშემო არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს, თუმცა ავტორები ცდილობენ სრულიად სხვადასხვა კუთხით დაგვანახონ უსაფრთხოების მნიშვნელობა. აქ შეხვდებით სტატიას ბულინგზე, ტერორიზმზე, შრომის უსაფრთხოებაზე და ა.შ.
„CIVICUS”-ის მე-15 ნომრის თემა საბჭოთა წარსულის გააზრებაა. სარედაქციო საბჭომ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პრაქტიკები ყოფილიყო ნომრის სადისკუსიო თემა, რათა ამით ხელი შეეწყო თანამედროვებაში არსებული პრობლემების სწორად გააზრებისთვის. გამოცემაში იხილავთ სტატიებს როგორც პოლიტიკური სისტემის, ასევე საბჭოთა გამომსახველობითი ხელოვნების თავისებურებათა შესახებაც. ავტორები ამჯერად შეეცადნენ ეპასუხათ შემდეგი კითხვებისთვის: როგორი პოლიტიკური ინსტრუმენტების გავლენით ფორმირდებოდა მეხსიერების პოლიტიკა? როგორ ყალიბდებოდა და ტრანსფორმირდებოდა საბჭოთა პოლიტიკა რელიგიური კონფესიების მიმართ? როგორია პოსტ-კომუნისტური სივრცის გამოცდილება? - ლუსტრაციის კანონი აღმოსავლეთ ევროპაში. რა ვიზუალური საშუალებებით ინახება საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ დატოვებული მეხსიერება? ჟურნალში ასევე გაეცნობით საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზეპირ ისტორიებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ საშუალებებსა და ტრადიციულ კინო და ფოტო ისტორიებს.
"CIVICUS"-ის მე-14 ნომერი ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლების შესახებაა. ნომერში განხილულია თბილისის სატრანსპორტო სისტემის პრობლემები, ველოტრანსპორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დებატები, ქალაქის მართვის მსოფლიო გამოცდილების საუკეთესო მაგალითები და უმძიმესი გამოწვევები. ავტორები შეეცდებიან პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა წარმოადგენს ურბანული განვითარების პროცესში მთავარ გამოწვევებს? რა ტიპის სოციალური რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქაოტურად მიმდინარე ურბანიზაცია? როგორ დავძლიოთ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი? რა სოციო-კულტურული ელემენტებით ხასიათდება თანამედროვე და ძველი ტიპის ქალაქები? როგორ გამოხატავენ რეზიდენტები სათქმელს? რას წერენ შენობების კედლებზე და ვინ არის მათი პოტენციური ადრესატი?
"CIVICUS"-ის მეცამეტე ნომერში საუბარია კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო მოწყობის თავისებურებებზე, მის ფილოსოფიურ წანამძღვრებასა და პრაქტიკაში მის დანერგვაზე. აქ გაეცნობით სტატიებს სოციალური კონტრაქტის თეორიების და მათი მნიშვნელობის, ტერიტორიული მოწყობის და საარჩევნო სისტემის მახასიათებლების შესახებ. ნომერში ასევე საუბარი იქნება მმართველობის მოდელებზე, მათ ნაკლოვანებებსა და უპირატესობაზე და ამ კუთხით საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე. ავტორები შეეცდებიან პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა არის კონსტიტუციონალიზმის არსი? როგორია საქართველოს კონსტიტუციური განვითარების ეტაპები? რა დილემას წარმოშობს საარჩევნო სისტემა? რა არის "გამარჯვებულის ბონუსი"? რომელი პარლამენტია "უკეთესი" - ერთპალატიანი თუ ორპალატიანი? როგორ მუშაობს სახელმწიფო მმართველობის შერეული მოდელი?
"CIVICUS"-ის მეთორმეტე ნომერში საუბარია ამერიკის შეერთბეულ შტატებზე, მისი პოლიტიკური სისტემის თავისებურებებსა და კულტურაზე. აქ გაეცნობით იმ სპეციფიკურ დეტალებს, რომელთა ერთიანობაც ქმნის ამერიკას, როგორც ძლიერ დემოკრატიას. ნომერში საუბარია აშშ-ს საპრეზიდენტო მმათველობის უნიკალურობაზე, მის ხასიათსა და ეფექტიანობაზე. ასევე, კულტურულ გარდაქმნებზე, იმ მუსიკალურ თუ ლიტერატურულ მიმდინარეობებზე, რომლის შედეგადაც შეიქმნა ამერიკული ტრადიცია. ავტორები ცდილობენ, პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა არის ამერიკული ოცნება? როგორია ამერიკის შეერთებული შტატების მიგრაციული პოლიტიკა? როგორ იცვლება თანდათან ენობრივი სტანდარტები?
გარდა ამისა, ნომერში ასევე წაიკითხავთ სტატიებს მიგრაციის, ჰიპების, ინგლისური ენის ტრანსფორმაციის, აშშ-ს განათლების სისტემის და რასიზმის წინააღმდეგ ბძოლის შესახებ.