18 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსიათა სერიის - „დიალოგები დემოკრატიაზე“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემას „თანამედროვე ლიტერატურა და ღირებულებათა ტრანსფორმაცია“ წარმოადგენდა.
დისკუსიის დაწყებამდე შეხვედრის მოდერატორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა კახა ურიადმყოფელმა მსმენელებს მოკლედ გააცნო ასოციაციის საქმიანობა. დისკუსიას გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი და რედაქტორი მარი კორინთელი სტუმრობდა. მან ისაუბრა სხვადასხვა ეპოქისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირზე, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ლიტერატურის ძირითად თემატიკაზე. როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურა ფეხს უწყობს შესაბამისი ეპოქის პრობლემებსა და გამოწვევებს.
თანამედროვე ლიტერატურის ძირითად გამოწვევად დასახელდა თანასწორობა და ტოლერანტობა. სჭარბობს ისეთი თემები, როგორიცაა ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პრობლემები, ჰომოფობია და ა.შ. შეხვედრის სტუმარმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებაზე, აგრეთვე, ე.წ. საბავშვო ლიტერატურის მიზანშეწონილობაზე.
საუბარი მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. დისკუსია მოჰყვა ზემოთხსენებულ პრობლემებს და გამოწვევებს, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობის საკითხს.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.