9 დეკემბერს „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა“ და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის თანამშრომლობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა რიგით V სამეცნიერო კონფერენცია “ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მათი უმრავლესობა საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულია.
სტუდენტთა კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა გამოწვევები სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, ეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის პრობლემატიკა საქართველოში, დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება, ნარკოპოლიტიკა, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი, პროპაგანდის, „ცრუ ახალი ამბებისა“ და მითების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმთან დაკავშირებული საკითხები, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ.
კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.