15-17 სექტემბერს წყალტუბოში ლექტორთა რეგულარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ტრენინგის სახე ჰქონდა და მას საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორები ესწრებოდნენ სხვადასხვა ქალაქიდან.
ღონისძიება გახსნეს IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ და „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ. მათ ყურადღება გაამახვილეს საერთო მიზნებსა და უკვე განხორციელებულ პროექტთა მნიშვნელობაზე.
ტრენინგს - „სამოქალაქო განათლების ეფექტიანი სწავლების მეთოდები“ - ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი გაუძღვა, რომელმაც ისაუბრა კომუნიკაციის ფსიქოლოგიაზე - პრეზენტაციასა და დისკუსიაზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესის წარმართვისას. ღონისძიებაზე განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობა - მაგალითებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით.
აღნიშნული საკითხების გარდა, ღონისძიება მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა საუბრის მართვის ტექნიკები, არავერბალური სიგნალები, შთაბეჭდილების მენეჯმენტი, ვიზუალიზაციის როლი პრეზენტაციის ჩატარების პროცესში და სხვა.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.