ლექტორთა რეგულარული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

5-6 ნოემბერს ახალციხეში ლექტორთა რეგულარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორები სხვადასხვა ქალაქებიდან.

შეხვედრა გახსნა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, რომელმაც ისაუბრა საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სახელმძღვანელოს ახალი რედაქციის შესახებ. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა ქეთი მუხიგულმა კი აუდიტორიას გააცნო მასწავლებლის სახელმძღვანელოს კონცეფცია.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ელექტრონული ჟურნალის „CIVICUS”-ის მუშაობის სპეციფიკა და მიზნები. IFES- ის წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა IFES-ის მცირე გრანტების შესახებ, რომელთა ძირითადი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა დავით სამნიძემ ისაუბრა რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციაზე, რელიგიებთან დაკავშირებულ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაზე.  უმცირესობების თემას შეეხო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ხმალაძეც, რომელმაც ისაუბრა სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე,  მათ პრობლემებსა და ინტეგრაციის დაბალ დონეზე.

GAU-ს ლექტორმა კახა ურიადმყოფელმა კი აუდიტორიის დახმარებით განახორციელა ის აქტივობები, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში სტუდენტებს გაუმარტივებს სასწავლო მასალის ათვისებას.

აღნიშნული საკითხების გარდა, ღონისძიება მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა  ადამიანის უფლებათა სტრატეგიების დამუშავება, სტუდენტთა სამოქმედო პროექტებში კვლევის მნიშვნელობა და ა.შ.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.