საუკეთესო სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია GAU-ში

11 ოქტომბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში, 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მიზანი სტუდენტების მიერ სალექციო კურსის ფარგლებში შესრულებული პროექტების წარმოდგენა და ახალ სტუდენტებთან ამ გამოცდილების გაზიარება იყო.

სტუდენტური პროექტების თემატიკა მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის ამაღლება საშუალო სკოლებში, საზოგადოების დამოკიდებულობის კვლევა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სოციალიზაცია და ინკლუზიური განათლება, შრომითი ექსპლუატაცია კერძო სექტორში და ა.შ.

სტუდენტური პროექტების ძირითად მიზანს საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენდა. სამოქმედო პროექტების განხორციელების ფარგლებში სტუდენტებს აქტიური  თანამშრომლობა მოუწიათ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.