USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აგრძელებს დისკუსიათა სერიას "დიალოგები დემოკრატიაზე", რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სადისკუსიო სივრცის შექმნას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 12 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა რიგით მეექვსე დისკუსია, რომელიც საქართველოში არსებულ მიგრაციის პრობლემატიკას მიეძღვნა. მოხსენების თემას წარმოადგენდა „მიგრაცია და ადამიანის უფლებები საქართველოში“, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამის იურიდიული ოფიცერი გიორგი მარუაშვილი.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში მსოფლიოში, კერძოდ კი ისლამურ სახელმწიფოებში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაძლიერების ფონზე, საქართველოში „თავშესაფარის“ სტატუსის მიღების მთხოვნელთა რაოდენობრივ ზრდაზე. აღნიშნა, რომ ამ დროისათვის დაახლოებით 2000-მდე ადამიანი ელოდება აღნიშნული სტატუსის მოპოვებას საქართველოში. მიგრაციის პროგრამის იურდიულმა ოფიცერმა ასევე ისაუბრა იმ სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ დღეს საქართველოში, ასევე იმ რეგულაციებსა და პროცედურებზე, რომელთა გავლით ხდება „თავშესაფარის“ მოპოვება, ან მასზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან. ბატონმა გიორგიმ ასევე დეტალურად განმარტა, თუ რა განსხვავებებია „ჰუმანიტარულ“ და „ლტოლვილის“ სტატუსებს შორის, მან სტუდენტებს წარმოუდგინდა მოკლემეტრაჟიანი ვედეო რგოლი იმ ადამიანთა მდგომარეობის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოდან თავშესაფრის მიღების მოლოდინში იმოფებიან. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ის საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც დღეს საქართველოში ასეთი ადამიანების სტატუს არეგულირებს.
აღნიშნულმა საკითხმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის სტუდენტებში, რომლებმაც მოხსენების ბოლოს საკუთარი მოსაზრებები და ხედვები დააფიქსირეს იმ საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მათი აზრით საქართველოს ხელისუფლება უნდა ატარებდეს „თავშესაფრის“ მიღების მსურველ ადამიანებთან საქართველოში.