,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' წარმატებით დასრულდა


სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფინალური ღონისძიებით დასრულდა.


მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები, შედეგები და ისაუბრეს მიღებული გამოცდილების შესახებ. პროექტების პრეზენტაციის შემდეგ კი მოეწყო პოსტერების ინტერაქციული გამოფენა, რომლის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შეეძლო მონაწილეებთან გასაუბრება და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.


პროექტი საქართველოს 6 რეგიონში: თბილისში, შიდა ქართლში, თელავში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო 10 უნივერსიტეტის 60-მდე სტუდენტი. პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება, მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა. მიზნის მისაღევად მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ვორკშოფები, შემდგომ კი თავად განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები, რომელიც მათ პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარა.


სტუდენტების სამუშაო თემატიკა ადგილობრივ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებულია და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სათემო აქტივიზმის განვითარება, ევროპული ინტეგრაცია, ძალადობის ფორმები და მისი პრევენციის გზები, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, შრომითი უფლებები, ელექტრონული მმართველობა და ა.შ. სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ფარგლებში ჩატარდა ათეულობით ტრენინგი, რომელსაც უმეტესად თავად სტუდენტები უძღვებოდნენ და ამას გარდა, მოწვეული ყავდათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, იურისტები და ა.შ. პროექტების ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარებს, ახალგაზრდებს და გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი პროექტების თემატიკის შესახებ.


ფინალურ ღონისძიებაზე შედეგების წარდგენისას ნამდვილად გამოჩნდა, რომ პროექტის მთავარი მიზანი მიღწეულია-პროექტში ჩართული სტუდენტების სახით შეიქმნა მდგრადი სოციალური კაპიტალი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესში.


,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგნელობის ფინანსური მხარდაჭერით.