,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადვოკატირების კამპანიის შესახებ

 

10 აპრილს, ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადვოკატირების კამპანიის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა თამთა ჭრიკიშვილი: მოწვეული ლექტორი თსუ-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თამთა ჭრიკიშვილმა მონაწილეებს გააცნო ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები და მეთოდები. ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით მომხსენებლმა მიმოიხილა ადვოკატირების კამპანიის სამოქმედო გეგმის შემადგენელი პუნქტები. თამთა ჭრიკიშვილმა ყურადღება გაამახვილა ადვოკატირების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, ასევე როგორ შეიძლება სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გამოყენებთ ადვოკატირების კამპანიის წარმატებით წარმართვა.

ტრენინგზე მოწვეული იყო გიორგი ყარამან ბერიძე, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა თავისი დიდი გამოცდილება  სამოქმედო პროექტების განხორციელების კუთხით. მონაწილეები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიარეს ყველა ის დეტალი, რომელიც პროექტების განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრები წარიმართა აქტიურ რეჟიმში, თითოეული სექცია მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოს. პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში მონაწილეებმა პოსტერების ვიზუალური ანალიზებზე დაყრდნობით განიხილეს გარკვეული კონტექსტისთვის დამახასიათებელი სოციალური პრობლემები და ამ პრობლემების ადვოკატირების კამპანიები, მონაწილეებმა ასევე იმუშავეს სამოქმედო გეგმის გაწერაზე. ტრენინგის დასკვნით ნაწილში კი ჯგუფურად წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებში განიხილეს, როგორ ესახებათ აქტუალური სოციალური პრობლემების მოგვარება ადვოკატრირების კამპანიის გზით.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.