15 ნოემბერს კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმში ჟურნალ CIVICUS-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ამჯერად მშვიდობის თემას შეეხებოდა. ჟურნალის პრეზენტაციაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ჟურნალის რედაქტორმა ლევან ლორთქიფანიძემ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობებისათვის იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ, რომ მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. „ომის დროს ადამიანის სიცოცხლეს ფასი ეკარგება. ომის დროს ტრაგედია, სიკვდილი ყოველდღიურ გარდაუვალ აუცილებლობად გვევლინება. მხოლოდ ნამდვილი მშვიდობის დროს ეძლევა ადამიანს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. თუმცა თავისუფლების გარეშე, მონობის პირობებში მიღწეულ მშვიდობას საზოგადოებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს“-განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
ოკუპაციის მუზეუმში სტუდენტები გაეცნენ ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა სახის დოკუმენტურ მასალებს. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი კასპში დღეს იმ შენობაშია განთავსებული, რომელშიც საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა, სადაც საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი პირების დაკავება, დახვრეტა და წამება ხდებოდა.
ჟურნალის პრეზენტაციაზე რედაქტორმა ასევე იმ ცნობილ თუ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ქართველი დემოკრატების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.
პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებისათვის ახალი ფილმის პრემიერა მოეწყო, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსათვის მებრძოლი გმირების თემას შეეხებოდა.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.