18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით გამოცემული ელექტრონული ჟურნალის „Civicus”-ის მეშვიდე ნომრის პრეზენტაცია და გენდერული თანასწორობის შესახებ დისკუსია გაიმართა. „Civicus”-ის მეშვიდე ნომერიც ასევე გენდერულ საკითხებს შეეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოსწავლეები თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სკოლებიდან.
შეხვედრის პირველ ნაწილში ჟურნალის რედაქტორმა ლევან ლორთქიფანიძემ და „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ ისაუბრეს „Civicus”-ის მეშვიდე ნომრის შესახებ. ჟურნალზე მომუშავე სტუდენტებმა კი აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიების სერიას „დიალოგები დემოკრატიაზე“, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ცხადაძემ წაიკითხა ლექცია გენდერულ თემატიკასთან დაკავშირებით. მისი მოხსენება შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: გენდერული სეგრეგაცია პროფესიებში, გენდერული სტატისტიკა, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავები და მსგავსებები, გენდერული უთანასწორობა, ქალთა დისკრიმინაცია, განათლების უფლება და ა.შ. აუდიტორია, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები, აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა „Civicus”-ის რედაქტორი ლევან ლორთქიფანიძე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.