ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების: ნინო ცერცვაძის, ანა გვალიას, ირაკლი ზარქუასა და დალი მამრიკიშვილის პროექტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის ჩამოყალიბების ისტორია და წინაპირობები, ევროპული ღირებულებები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, ის მითები და სტერეოტიპები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებობს და ა.შ. ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მოსახლეობის განწყობები ევროინტეგრაციის შესახებ.
თითოეული ტრენინგი აქტიური-კითხვა პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ტრენინგებზე მოწვეული იყო მარიკა ვაჭარაძე-,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი’’, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.