ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტის ანა ლაზარაშვილისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის სტუდენტების: ზურაბ მაჭარაშვილისა და ლუკა პაპელიშვილის პროექტის შესახებ მოგიყვებით. სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,ნაფიც მსაჯული, როგორც აქტიური მოქალაქე’’, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა და ისტორიული რაკურსი, როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა სიის შერჩევა და ვის შეუძლია უარის თქმა ნაფიც მსაჯულობაზე, რა უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები აკისრია ნაფიც მსაჯულებს, რა ძირითადი ეტაპებისგან შედგება საქმის განხილვა და როგორ ხდება ვერდიქტის გამოტანა. ტრენინგებზე ასევე განიხილეს დემოკრატიის მახასიათებლები და ძალაუფლების განხორციელებაში ხალხის თანამონაწილეობის ფორმები. თითოეული ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ფილმის ,,12 განრისხებული მამაკაცი’’ ჩვენება და განხილვა, რომელიც მონაწილეებს დაეხმარა ტრენინგებზე განხილული საკითხების უკეთ გაანალიზებაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.