ვიწყებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022''-ის ფრაგლებში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების შედეგების გამოქვეყნებას

ვიწყებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’-ის ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა სამოქმედო პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ანა აბულაძემ, ონისე ბულისკერიამ და ნინო დგებუაძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,დეზინფორმაციასთან და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა სამეგრელოს რეგიონში’’. პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დეზინფორმაციის, ობიექტური ინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის უარყოფითი გავლენების შესახებ.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: დეზინფორმაციის არსი და მახასიათებლები, ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობა, მედიის როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, არასწორად ინტერპრეტირებული ისტორიის უარყოფითი გავლენები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში,  პრორუსული პროპაგანდის უარყოფითი შედეგები და საქართველოს ევროინტეგრაციის თანმდევ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზები.

თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

შეგახსენებთ, რომ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში: თბილისში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. თითოეულ რეგიონში სტუდენტებმა განახორციელეს აქტუალური და ადგილობრივ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული სამოქმედო პროექტები, რომლის შედეგებსაც ეტაპობრივად გაგაცნობთ.  

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.