,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' პროექტის ფარგლებში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად დაიწყო სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება.

 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიამ პავლიაშვილი, ნინი გაგლოშვილი და თამარ ლეკიშვილი ანხორციელებენ პროექტს ,,გაიცანი ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ’’. პროექტის ფარგლებში ავტორებმა შეიმუშავეს ტრენინგ-მოდული ოჯახში ძალადობის, ფემიციდისა და სექსუალური შევიწროების შესახებ და პირველი აქტივობის ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი საზოგადოება ,,ბილიკის’’ ახალგაზრდული კლუბის წევრებთან.

ტრენინგის ფარგლებში ავტორებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია სტამბოლის კონვენციის, მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მექანიზმების, ოჯახში ძალადობის, ფემიციდისა და სექსუალური შევიწროების ფორმების შესახებ. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც მონაწილეებს თეორიული მასალის უკეთ ათვისებასა და გაანალიზებაში დაეხმარა. პროექტის ავტორებმა მონაწილეებთან ერთად ასევე იმსჯელეს ოჯახში ძალადობის, ფემიციდისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის გზებზე.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.