პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მონაწილეებისთვის ჩატარდა სამდღიანი გასვლითი ტრენინგი წყალტუბოში. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განსახორციელებლად საჭირო უნარების განვითარებას.
გასვლითი ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადვოკატირების კამპანიის შესახებ. ტრენინგებზე მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები, მეთოდები, პროექტების სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპები და პროექტის განხორციელების დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები. ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების კამპანიის დროს საკმონუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, ასევე ადვოკატირების კამპანიის წარმართვის დროს სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების როლზე.
ტრენინგის დასკვნითი დღე დაეთმო სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წერისა და მართვის სტრატეგიების გაცნობას.
ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრაქტიკულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მონაწილეების ტრანსფერული უნარების განვითარებას, რომელიც მათ უნდა დაეხმაროთ შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.