,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინი გოხელაშვილმა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მარიამ პავლიაშვილმა, ჟანა ინაურმა და ზურა მაჭარაშვილმა წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტი ,,აქტიური მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში’’, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების ცნობიერების ამაღლებას დემოკრატიული სახელმწიფოში აქტიური მოქალაქის როლის, თვისებებისა და ღირებულებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო და სოფელ წაღვლის საჯარო სკოლებში, სოფელ აღაიანის საჯარო სკოლასა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მეცხრე საჯარო სკოლაში. ტრენინგებს პროექტის ავტორი სტუდენტები უძღვებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგი-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: მოქალაქის ცნება, ტიპები და მისი განვითრების ეტაპები, მოქალაქის უფლება-მოვალეობები, აქტიური მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. თითოეული ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს: ,,მოქალაქის უფლება-მოვალეობების გამიჯვნა’’, ,,ისტორიული როლური თამაში’’, ,,გავიხსენოთ მსოფლიო ისტორიიდან ადამიანი, რომელიც ასოცირდება ჭეშმარიტ მოქალაქესთან’’. აღნიშნული აქტივობები მონაწილეებს თეორიული ცოდნის უკეთ გათავისებაში დაეხმარათ. თითოეული ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.