,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თელავში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანი ქურციკიძე, ცისია კოლოტაძე, ანა ბაღათრიშვილი და თამუნა ნონიაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,ნაადრევი ქორწინება, ძალადობა ბედნიერების სახელით’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შესაძლო რისკებისა და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა.
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს. სამოქმედო პროექტის ფარგლებში წინასწარ შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: საგანმანათლებლო სისტემის როლი ადრეული ქორწინების პრევენციაში, ნაადრევი ქორწინების გავლენა ოჯახში ძალადობაზე, ინსტიტუციური რეაგირება ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, ადრეულ ასაკში ქორწინება და გენდერული თანასწორობა. სტუდენტებმა ტრენინგებზე სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს.
ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებებს. მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული სიტუაციები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, რითაც შესაძლებლობა მიეცათ, უკეთ გაეაზრებინათ ნაადრევი ქორწინების არსი და შედეგები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.