ბათუმში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: დიანა შავაძე, გიული ბოლქვაძე, ონისე ჯოყილაძე და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ლაშხია ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,კოვიდ 19-ის ვაქცინა და საზოგადოება’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კოვიდ 19-ის ვაქცინიზაციის მიმართ.

პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორებმა პირველი ტრენინგი უკვე ჩაატარეს. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას შეადგენდნენ ბაკალავრიატის საფეხურის სხვადასხვა კურსის სტუდენტები. პროექტის ფარგლებში წინასწარ შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: რა არის კოვიდ 19-ის ვაქცინა, რატომ არის ვაქცინა აუცილებელი, ვაქცინის უსაფრთხოება და მისი გვერდითი მოვლენები. ტრენინგზე სწორედ აღნიშნული თემები განიხილეს. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.