დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს სათანადო ცოდნა გააჩნდეთ აქტიური მოქალაქეობისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც შემდგომში მათ დაეხმარებათ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, აქტიური და საკუთარ უფლება-მოვალეობებში გათვიცნობიერებული მოქალაქე კი სახელმწიფოს ფუნდამენტია. სწორედ ამ მიზანს ისახავს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეთა სამოქმედო პროექტი: ,,აქტიური მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში’’, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო გოხელაშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ პავლიაშვილი, ჟანა ინაური და ზურაბ მაჭარაშვილი ახორციელებენ.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს ტრენინგი აქტიური მოქალაქის თემის შესახებ. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს მოქალაქეობის ცნების განვითარების, ტიპებისა და აქტიური მოქალაქის უფლება-მოვალეობების შესახებ, განსახილველ თემებს თან ახლდა შესაბამისი პრაქტიკული აქტივობები, როგორიც იყო: როლური თამაში, მოქალაქის უფლება-მოვალეობის გამიჯვნა და სხვა.
ტრენინგის პირველ ნაწილში ნინო გოხელაშვილმა მიმოიხილა მოქალაქის ცნება და განვითარების ეტაპები, რასაც თან ახლდა აქტივობა „მოქალაქის უფლება-მოვალეობების გამიჯვნა“.
ტრენინგის მეორე ნაწილში ზურაბ მაჭარაშვილმა სამიზნე აუდიტორიასთან ისაუბრა მოქალაქეობის ტიპების შესახებ, რასაც თან ახლდა აქტივობა „ისტორიული როლური თამაში“.
ტრენინგის მესამე ნაწილში კი მარიამ პავლიაშვილმა ისაუბრა ჭეშმარიტი მოქალაქის არსსა და როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესსში, რომელსაც თან ახლდა აქტივობა „გავიხსენოთ მსოფლიო ისტორიიდან ადამიანი, რომელიც ასოცირდება ჭეშმარიტ მოქალაქესთან“
ტრენინგის აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თითოეულ მოსწავლეს გადაეცა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.