გორში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში გრძელდება სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორცელება. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდნეტები: მარიამ ისპირიანი, გიორგი თომაშვილი, ნინო ზაზარაშვილი და თამო კომეშოვი ახორციელებნ პროექტს ,,გაიცანი ევროკავშირი და მისი ღირებულებები’’, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა ევროკავშირის იდეისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიის მიმოხილვა, ევროკავშირის ფასეულობები და მისი ორგანოები, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა. სამოქმედო პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა მარიამ ისპირიანმა ფლავისმანის საჯარო სკოლაში პირველი აქტივობა უკვე განახორციელა და მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი ზემოთაღნიშნულ თემებზე.

სოფელ ფლავისმანში ჩატარებული ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დავალებებს, ტრენინგის ბოლოს მოეწყო დისკუსია, იმის შესახებ, თუ რა მცდარი შეხედულებები არსებობს ევროკავშირის შესახებ საქართველოში და რა არის ამის განმსაზღვრელი ფაქტორი. მომავალში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციის მოწყობა ევროკავშირის ღირებულებების შესახებ და ასევე ტრენინგების ჩატარება სხვა სკოლის მოსწავლეებთან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ესეების კონკურსის ჩატარება ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში ჩართული მოსწავლეები. ესეების კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.