,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თელავში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ამჯერად შეხვედრის ძირითადი თემა ადამიანის უფლებები იყო. შეხვედრაზე მოწვეული იყო იურისტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ჯუმბერ მაილაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა პროექტის მონაწილეებს გააცნო ადამიანის ძირითადი უფლებები და საარჩევნო პროცესში მოსახლეობის ჩართულობის სამართლებრივი საკითხები. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების პროცესს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჯუმბერ მაილაშვილი ასევე შეეხო ნაადრევი ქორწინების საკითხსაც, დაასახელა რეგიონში მომხდარი ნაადრევი ქორწინების ფაქტები, სტუდენტებმა აღნიშნული ფაქტები გაანალიზეს და შეაფასეს.
პროექტის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმარს გააცნეს საპროექტო ინიციატივები, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ, ამ კუთხითაც შეხვედრა ინფორმაციული იყო, რადგან სტუდენტებმა მოისმინეს რელევანტური ინფორმაცია ყველა იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამოქმედო პროექტის განხორციელებისას გამოადგებათ. გარდა ამისა, სტუმარმა სტუდენტებს გააცნო და მიაწოდა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ზემოთხსენებული საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.