,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი სამოქმედო პროექტების დაგეგმვისა და მართვის შესახებ

11 აპრილს ,, სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი სამოქმედო პროექტების დაგეგმვისა და მართვის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ქეთი მურუსიძე: მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) სპეციალისტი.

ქეთი მურუსიძემ ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გააცნო სამოქმედო პროექტების მართვის ციკლი: პრობლემის იდენტიფიცირება,  დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შესაბამისად პროექტის შეფასება. სტუდენტებმა ჯგუფური დავალების ფარგლებში თავად იმუშავეს პრობლემის იდენტიფიცირებაზე, მის გამომწვევ ფაქტორებსა და გამოვლინებებზე.

ქეთი მურუსიძემ მონაწილეებს ასევე გააცნო ცვლილებების თეორია, პროექტის სტრატეგიული ხედვა, მიმართება პროექტის მიზანს, ამოცანებსა და განსახორციელებელ აქტივობებს შორის, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა,  პროექტის დროში გაწერა, ბიუჯეტის ფორმა და რისკების ანალიზი. ტრენინგის თითოეული სექცია მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, რომლის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.

ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2019’’ და ,,სამოქალაქო ჩრთულობის სკოლა 2020’’-ის მონაწილეები: ნინი ვაჩიბერაძე, ნინო ადუაშვილი, მარიამ შარაშიძე და საბა ფორჩხიძე. მათ პროექტის ახლანდელ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები გაუზიარეს, ისაუბრეს თავიანთი პროექტების მიზნების, ამოცანებისა და განხორციელბული აქტივობების შესახებ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.