ტრენინგი ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021''-ის მონაწილეებისთვის ზუგდიდში გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის განხორციელება დაიწყო. 27-28 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც თამარ ქარაია-სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის პროფესორი და ლევან ხუციშვილი-,,გერგარტის’’ დამფუძნებელი, თსუ-ის მოწვეული ლექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი უძღვებოდნენ.

ტრენინგ-კურსის დასაწყისში თამარ ქარაიამ და ლაშა ნარსიამ, ზუგდიდში პროექტის კოორდინატორმა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, მონაწილეებს გააცნეს პროექტის მიზანი და კონცეფცია.

ტრენინგის პირველ დღეს ლევან ხუციშვილი გაუძღვა, რომელმაც სამოქალაქო აქტივიზმის არსი, აქტიური მოქალაქის მახასიათებლები, ცვლილებების თეორია და ადვოკატირების სტრატეგიები განიხილა. ტრენინგის თითოეული პანელი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც მონაწილეებს სამუშაო თემის უკეთ გააზრებასა და გაცნობიერებაში დაეხმარათ.

ტრენინგის მეორე დღე, რომელსაც თამარ ქარაია გაუძღვა, უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. მონაწილეები დაიყვნენ რამდენიმე ჯგუფად და იმუშავეს სამოქმედო პროექტების განხორციელების სტრატეგიებზე. ტრენინგზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2020’’-ის მონაწილეები: ანა გაბელია, თამთა აბლოთია და ირაკლი ბერაია, რომლებმაც გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.