13 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დისკუსიათა სერიის - „დიალოგები დემოკრატიაზე“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემას „უსაფრთხოება და ტერორიზმი“ წარმოადგენდა.
დისკუსიას ეროვნული უშიშროებს საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია და ეროვნული თავდაცვიის აკადემიის წარმომადგენელი, ექსპერტი დავით ძიძიშვილი სტუმრობდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მოდერატორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა კახაბერ ურიადმყოფელმა დისკუსიის დაწყებამდე ისაუბრა სამოქალაქო განათლების ჟურნალ CIVICUS-ის მნიშვნელობასა და ახალი ნომრის შესახებ, რომლის მთავარ თემას სწორედ უსაფრთხოება წარმოადგენს.
თეონა აქუბარდიამ სტუდენტებს გააცნო საქართველოს უშიშროების საბჭოს მისია და მისი ფუნქციები ქვეყნის უსაფრთხოების პრიზმაში. „ჩვენი ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, რაც უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციით და კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის რისკით, რომელიც ხელყოფს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას და აფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“-აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. მან ასევე დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ღირებულებებისა და იმ ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.
ექსპერტმა დავით ძიძიშვილმა აუდიტორიის წინაშე 21-ე საუკუნის მსოფლიოს იმ მთავარ გამოწვევასა და პრობლემაზე ისაუბრა, რასაც ტერორიზმი ეწოდება. მან განიხილა დღევანდელი მსოფლიოს საინფორმაციო სივრცის ძირითადი თავისებურები, მისი მახასიათებლები და ის, თუ როგორ აისახება ეს ყოველივე ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის (ისლამური სახელმწიფოს) მოქმედებებზე.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. შეხვედრის ძირეული ნაწილი ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.