დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის გამარჯვებულის დაჯილდოვება თსუ-ში გაიმართა

22 აპრილს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ IV სტუდენტურ კონფერენციაზე, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA)-ამ დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც 15 წლის გიორგი შელეგია აღმოჩნდა. აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებულს პირველად გადაეცა დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის ყოველწლიური ჯილდო დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისა და კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად, გიორგი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე და გამარჯვებულია. იგი აქტიურად მუშაობს როგორც მოზარდთა უფლებების მიმართულებით, ასევე  დამატებითი ინფორმირებულობისა და განვითარების უფლებების თუ შესაძლებლობების შექმნის კუთხით.

გიორგიმ მეცხრე კლასში სრულიად დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა „სკოლის თვითმმართველობა,“ რომლის მიზანია დაეხმაროს თანატოლებს პედაგოგებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში, ხელი შეუწყოს მომავალ თაობებში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში და უზრუნველყოს მოსწავლეთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

როგორც არაერთი სამეცნიერო  ტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებულმა, გიორგი შელეგიამ  წელს ჩამოაყალიბა „ახალგაზრდა მეცნიერეთა კლუბი,“ სადაც ახალგაზრდები ცდილობენ მეცნიერების სფეროთი დაინტერესებულ მოზარდ „კოლეგებს“ გაუწიონ დახმარება და მიაწოდონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ, როგორიცაა საპატენტო თუ სხვა მიმართულებისათვის თანმდევი სამართლებრივი ინფორმირებულობა. „ახალგაზრდა მეცნიერეთა კლუბმა,“ გადაწყვიტა დაიწყოს მუშაობა ახალ პროექტზე „აღმოაჩინე ქართულად,“ რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა მეცნიერებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ბავშვს საშუალებას რომ, მათ გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და ის რესურსი, რომელსაც წარმოადგენს ტექნოპარკი და ფაბლაბი, რათა მომავალში მათ გაუჩნდეთ მეტი ინოვაციური იდეა. აღნიშნულ საიტზე დაიდება ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული თარგმანები, საჯარო ლექციები, მსჯელობები და გამოსვლები.

„გიორგისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში და განვითარების ამ ეტაპზე სათანადოდ დანახული იქნას მისი შრომა და მოტივაცია, რომელსაც ნამდვილი მოხალისეობრივი მოტივაციითა და შინაგანი მოწოდების საფუძველზე ახორციელებს, რათა მან ამ სულისკვეთებისა და მოტივაციის შენარჩუნება და გაგრძელება შეძლოს, რომელიც არის სტიმული და მისაბაძი მაგალითი მისივე თანატოლებისათვის, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შრომა ნამდვილად ფასდება“-აღნიშნა IFES საქართველოს მრჩეველმა ახალგაზრდობის საკითხებში, აუგუსტა ფედერსტონმა.

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA)-ამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის ნომინაციაზე გამარჯვებულად გიორგი შელეგია გამოეცხადებინა, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა შესაბამისი პრიზი გადასცეს და წარმატებები უსურვეს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში.