25-26 თებერვალს ქუთაისში ლექტორთა რეგულარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორები სხვადასხვა ქალაქებიდან.
შეხვედრა გახსნა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა პოლიტიკური იდეოლოგიები და პარტიები და აუდიტორიის ჩართულობით განახორციელა თემატური აქტივობა. GIPA-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორებმა თინა ნორაკიძემ და კახა ურიადმყოფელმა კი განიხილეს საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ მასწავლებლის წიგნის ახალი რედაქცია. ღონისძებაზე ასევე გამოიყენეს აქტივობები ამ სახელმძღვანელოდან, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში სტუდენტებს გაუმარტივებს სასწავლო მასალის ათვისებას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე CELA-ს წევრმა თინათინ მაღედანმა გააკეთა „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში შესრულებული სტუდენტთა საუკეთესო პროექტების კრებულის პრეზენტაცია. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა იოსებ გაბარაევმა კი ისაუბრა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და მის გამოყენებაზე კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის" სწავლების პროცესში.
აღნიშნული საკითხების გარდა, ღონისძიება მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა ადამიანის უფლებათა სტრატეგიების დამუშავება, სტუდენტთა სამოქმედო პროექტებში კვლევის მნიშვნელობა, ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობები და ა.შ.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.