მოწვევა აბსტრაქტების მიღებაზე: სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) იწყებს აბსტრაქტების მიღებას მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისათვის “სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, რომელიც ჩატარდება 1-2 ივლისს ქ. თბილისში, საქართველო.

აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2017 წელი.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო განმანათლებლებსა და მკვლევრებს.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 1-2 ივლისი, 2017 წელი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის მთავარი მიზანია მოიწვიოს სამოქალაქო განმანათლებლები, მკვლევრები, განათლების პოლიტიკის ექსპერტები, პრაქტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები სამოქალაქო განათლების როგორც თეორიული ჩარჩოს, ასევე საგანმანათლებლო პოლიტიკის, მოქალაქისა და სამოქალაქო ღირებულებების ხელახალი გადააზრების კვლევისათვის, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და დემოკრატიული ტრანზიციის კონტექსტში. დაინტერესებულმა პირებმა აბსტრაქტები უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა.

შერჩეული აბსტრაქტების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ქ. თბილისში.

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • სამოქალაქო კულტურა, ცნობიერება, იდენტობა; მათი ტრანსფორმაცია და ტრაექტორია;
  • სამოქალაქო განათლების მეთოდები და სასწავლო პროგრამა (ცოდნა, უნარები, ფასეულობები და სხვ.);
  • სამოქალაქო განათლება: პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
  • სამოქალაქო ჩართულობის მეთოდები: ხმის მიცემიდან საზოგადოებრივ საქმიანობამდე;
  • უმცირესობები: ინტეგრაცია თუ სეგმენტაცია;
  • ეთნიკურიდან სამოქალაქო ნაციონალიზმზე გადასვლა;
  • გლობალური მოქალაქეობა და ტექნოლოგიების როლი;
  • განიხილება სხვა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული საკითხებიც.

თქვენი განაცხადის განსახილველად საჭიროა გამოგზავნოთ CV და აბსტრაქტი (250-300 სიტყვა) MS Word (.doc) ფორმატში, არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა, ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge და საჭირო ველში - “subject” მიუთითოთ “2017 CELA Conference”. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ ან  რუსულ  ენებზე.

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის საბჭო მიღებულ აბსტრაქტებს განიხილავს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 2017 ლის 10 მაისისა.

შერჩეული მასალები გამოქვეყნდება საკონფერენციო ნაშრომებში. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით. ორგანიზაცია არ ანაზღაურებს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას ელექტრონულ მისამართზე info@cela.ge ან ეწვიეთ: www.cela.ge; www.facebook.com/celageo

პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით (USAID), პროგრამის საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განმანათლებლები საქართველოს უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლების უმეტესობიდან. გაერთიანების მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო ინოვაციის, აქტივობებისა და განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება და გაძლიერება.