უპირველეს ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ პატივისცემა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტისადმი. სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია მასთან თანამშრომლობს დღიდან დაარსებისა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ შექმნილი სამოქალაქო განათლების კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ჩართულია უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმში, რითაც ის ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გამოხატვის თავისუფლებაა. რა დროსაც ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება სურვილისამებრ ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და ლექტორების საქმიანობის პროცესში, რამდენადაც ისინი ხშირ შემთხვევაში თავიანთი მოღვაწეობით ხელს უწყობენ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და წარმოადგენენ მაგალითს ახალგაზრდებისათვის.
არინა თავაქარაშვილი ერთ-ერთი იმ ლექტორთაგანია, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხების განხილვის პროცესში. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა ბოლო პერიოდში გავრცებული ინფორმაცია მისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ. სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA), უპირველესად, დაინტერესებულია არინა თავაქარაშვილის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების რეალური მიზეზის გარკვევით, რადგან გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ფაქტები მიგვაჩნია რომ არის საუნივერსიტეტო სივრცისათვის მიუღებელი რამდენადაც პედაგოგიური საქმიანობა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი იდეოლოგიური და პოლიტიკური ასოციაციებისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები ქალბატონ არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ასოციაციის მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სასურველია რომ აღნიშნული აქტიურობა მომავალშიც შენარჩუნდეს.
შესაბამისად, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრები - საქართველოს 27 უნივერსიტეტის 50-ზე მეტი სამოქალაქო განათლების ლექტორი, სოლიდარობას ვუცხადებთ არინა თავაქარაშვილს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მას მიეცემა პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელების საშუალება.