23 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე „შრომითი უფლებები საქართველოში“, რომელსაც უძღვებოდნენ მომხსენებლები: ამირან ზენაიშვილი – სამართლის დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და ლინა ღვინიანიძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად და გამოწვევად კვლავაც რჩება ადამიანის შრომით უფლებები, დაბალი ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა.
როგორც ამირან ზენაიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არ იდგმება მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები დასაქმებულთა უფლებების დასარეგულირებლად და აღნიშნულ საკითხს საჯარო სივრცის მიღმა ტოვებს. ზომები, რომელთაც კომპანიები, ბიზნეს ორგანიზაციები იყენებენ დასაქმებულთა წინააღმდეგ ძალიან მძიმე და კომპლექსურია. ძირითადი საკითხი, რომლითაც ისინი მანიპულირებენ და აიძულებენ დასაქმებულებს უმძიმეს პირობებში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გააგრძელონ მუშაობა, არის დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა, სამსახურის დაკარგვის შიში და დასაქმების სხვა არჩევანის არ არსებობა. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები, სადაც დასაქმების ერთადერთ ადგილს სწორად ამ ქალაქებში არსებული მაღარო, შახტა და ქარხანა წარმოადგენს. სწორედ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობები არ აძლევთ საშუალებას აღნიშნულ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს, რომ დაიწყონ საკუთარ უფლებებზე ღიად საუბარი და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ მიმართ არსებულ უკანონობას.
ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხო პირობების არარსებობის და საწარმოო ტრამვების გამო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ორსამდე ადამიანია გარდაიცვალა და ძალიან ბევრმა კი სერიოზული ტრამვა მიიღო. აღნიშნული პრობლემასამუშაოს შესრულების დროს ადამიანთა გარდაცვალების და დაშავების გახშირებული შემთხვევები შრომითი უფლებების მოშლილი რეგულაციებით არის განპირობებული: „საქართველოს ორგანულ კანონში – „შრომის კოდექსში“ 2006 წელს ცვლილება შევიდა და შრომის ინსპექციის სამსახური გაუქმდა. 2006 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ კონტროლის მიღმა დატოვა შრომის პირობების ზედამხედველობა, დასაქმებულთა უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე და მისი უზრუნველყოფა კერძო საწარმოებს მიანდო.
დღეს საქართველში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია შრომის პირობებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებაზე, რადგანაც ასეთად შეუძლებელია მივიჩნიოთ 2015 წელს შექმნილი ე.წ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სახის ბერკეტი, რათა დაიცვას და აღასრულოს დასაქმებულთა ინტერსები და მათ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი გაააჩნიათ.
დღეს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, რომელთაც კერძო კომპანიები, ორგანიზაციების მფლობელები მუდმივ ექსპლუატაციას უწევენ. ცხადია, რომ დღევანდელი ქართული სახელმწიფო სუსტია და ის ვერ ატარებს ადეკვატურ შრომის პოლიტიკას და ვერ ცვლის იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებია ფორმირდება ქვეყანაში.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აგრძელებს დისკუსიათა სერიას "დიალოგები დემოკრატიაზე", რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სადისკუსიო სივრცის შექმნას.