27 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა რიგით მეათე დისკუსია, დისკუსიათა სერიიდან თემაზე “ტრანსფორმაციის გზა ტოტალიტარულიდან დემოკრატიულ სისტემაზე“, რომელსაც უძღვებოდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი გობრონიძე. აღნიშნულ დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ თბილისის, გორისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრები.
დისკუსიის მოდერატორმა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დირექტორმა თამარ ქარაიამ დასაწყისში აღნიშნა, რომ სრულიად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მოწყობა სწორედ სოხუმის დაცემის დღეს და ისიც ქალაქ გორში მოხდა. მან დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ აფხაზეთის ომში გარდაცვლილი თანამებრძოლებისთვის. დისკუსიაზე მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენები დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.
იგი შეეხო ტოტალიტარიზმის ბუნებას, როცა იშლება ზღვარი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის და როდესაც ქრება საზოგადოებრივი ცხოვრების ავტონომიური სფეროები და ყველაფერი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ ექცევა. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა იმ, რთულ, სისხლიან და წინააღმდეგობრივ გზაზე, რომლის გავლაც ქართველ ხალხს მოუხდა, რათა აღედგინათ დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ქართული სახელმწიფოებრივ ისტორიაში ხანგრძლივი წყვეტილი იყო მე-19 საუკუნეში, როდესაც საქარველო აღმოჩნდა ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო მოგვიანებით კი XX საუკუნეში საბჭოთა ტოტალიტარული კავშირის შემადგენლობაში. ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაც არც თუ დიდ პერიოდს ითვლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის პროცესი, შესაბამისად სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის აქტუალობა ზრდის როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლა უნდა გააგრძელოს და ამ საკითხის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება კიდევ უნდა გაიზარდოს. აღნიშნული დისკუსიის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, როგორც საქართველოში კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი ადგილი.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.