ამა წლის 6-7 ივნისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციაციის (CELA) ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში". ღონისძიების გახსნაში გარდა ორგანიზატორებისა ასევე მონაწილეობა მიიღეს USAID -საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სტეფან ჰეიკინმა, თსუ პრორექტორმა მერაბ ელიაშვილმა და IFES საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთი მაისურაძემ.
სტუმრებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ასევე, ამ საკითხის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. "აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების სწავლების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და იმ გამოწვევების ჩვენებას, რომელიც ამ პროცესში გვხვდება" აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს მკვლევარებმა და პრაქტიკოსებმა სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, უნგრეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა. მოხსენებები შეეხებოდა მოქალაქეობის და სამოქალაქო ღირებულებების ცნების ტრანსფორმაციას საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, სამოქალაქო განათლების პოლიტიკას და მის განხორციელებას, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში