USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველო-ს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) დაიწყო დისკუსიათა სერია "დიალოგები დემოკრატიაზე", რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სადისკუსიო სივრცის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), გაიმართა პირველი დისკუსია, რომელიც მიეძღვნა უფლებამოსილებათა დანაწილების საკითხს ხელისუფლების შტოებს შორის.
დისკუსიას უძღვებოდნენ სერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტი ლევან ბოძაშვილი და ასევე პოლიტოლოგი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ ბერიკაშვილი. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტებმა, სამოქალაქო განათლების ფორუმისა და CELA-ს წარმომადგენლებმა. დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
2009 წელს დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ „ევროპული ტიპის კონსტიტუციის“ მიღება და ხელისუფლების შტოების დაბალანსება წარმოადგენდა. 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის რედაქციით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ, თუმცა გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, სახელისუფლებო შტოების კონსტიტუციური დაბალანსების საკითხი კვლავ აქტულური რჩება.
დისკუსიაზე გაანალიზებული იქნა ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილების პრობლემური საკითხები და მათი პოლიტიკური ასპექტები. როგორც ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა აღნიშნა, „საკონსტიტუციო კომისიის ყურადღების ცენტრში მოექცევა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის წონასწორობაში მოყვანის საკითხები. ხელისუფლების დანაწილების მნიშვნელოვანი პრინციპია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების კონსტიტუციურ მექანიზმებს“.
დისკუსიაზე გაანალიზებული იქნა წარმატებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციური გამოცდილება, რომლებმაც საკუთარ კონსტიტუციაზე დაყრდნობით რეალური გახადეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ობიექტური იმპლემენტაცია და დღემდე მკაცრად იცავენ სახელმწიფოს ხელისუფლების სამ შტოს შორის პარიტეტულობის პრინციპს.
აღნიშნული დისკუსიის ვიდეოჩანაწერი უახლოეს მომავალში ატვირთება CELA-ს ვებგვერდზე. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი დისკუსიის გამართვა, რის შესახებაც ინფორმაციას ამ ვებგვერდის და ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით მიიღებთ.