Be Active ანუ როგორ წავახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში

როგორ წავახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში, როგორ გავზარდოთ მათი მოტივაცია,  და მეტიც როგორ ვაქციოთ სამოქალაქო აქტივობების შემოქმედებად... ეს ის კითხვებია, რომელზედაც პასუხის გაცემას ისახავს მიზნად „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ახალი ინიციატივა „აქტიური სტუდენტები თანატოლთა განათლებისათვის“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრათა ორგანიზება აქტიურ სტუდენტებსა და მათ თანატოლებს შორის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სტუდენტების შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმებია: ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და მოხალისეობის გამოცდილებაა. 

25 ნოემბერს აღნიშნული პროექტის პირველი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრის თემა იყო „Be Active ანუ როგორ წავახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“, როგორც კურსდამთავრებულები, ისე მიმდინარე სტუდენტები. IFES-ის და CELA-ს წარმომადგენლები.

მოხსენება წარადგინა "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თორნიკე ბოლოკაძემ, რომელიმაც ისაუბრა მის მიერ აღნიშნული კურსის ფარგლებში გამნხორციელებულ პროექტზე, რომლის ძირითადი მიზანი მოხალისეობის პოპულარიზაცია იყო, რომელიც მოხალისეთა გაერთიანების, როგორც ასოციაციის ჩამოყალიბებით დასრულდა.

მომხსენებელი ასევე შეეხო მის მიერ განხორციელებულ პროექტ „Be Active“-ს, რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც Facebook გვერდი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია: კონკურსების, კონფერენციების, ტრეინინგებისა და სხვა მსგავსი აქტივობების შესახებ. შექმნიდან სამი წლის შემდეგ გვერდს 22 000 -ზე მეტი მომხმარებელი ყავს, რაც პროექტის ეფექტურობაზე და შესაბამისად, პოპულარობაზე მეტყველებს.

მოტივაცია, გუნდურობა და განვითარების სურვილი, ეს იყო თვისებათა ძირითადი ჩამნათვალი, რომელიც შეხვედრის მონაწილეების აზრით, საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში ჩართვას შეუწყობს ხელს. CELA-ს აღნიშნული პროექტი სწორედ ჩამოთვლილი უნარების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მომავალი ღონისძიება დეკემბრის შუარიცხვებში გაიმართება.

შემოგვიერთდით!