„CIVICUS”-ის მეექვსე ნომერი მულტიკულტურალიზმს, კულტურულ მრავალფეროვნებას და განსხვავებულ ჯგუფებს შორის ურთიერთობას ეძღვნება. ჟურნალში სტატიები ორ კატეგორიად არის დაჯგუფებული. პირველი ბლოკი თეორიული შინაარსისაა. აქ გაეცნობით მარი-აგნეს ლამფსდორფის სტატიას მულტიკულტურალიზმისა და პლურალიზმს შორის არსებულ განსხვავებებზე, ასევე ნაწყვეტს სლავოი ჟიჟეკის წიგნიდან „ტოლერანტობა, როგორც იდეოლოგიური კატეგორია“, სადაც საუბარია კულტურათა თანაარსებობასა და თანასწორობას შორის არსებულ სხვაობაზე. გრიგოლ გეგელია გვესაუბრება რესპუბლიკანიზმის ძირითად მახასიათებლებსა და მის ურთიერთებაზე მულტიკულტურალიზმის პრობლემასთან.
ნომრის მეორე ბლოკში კი წაიკითხავთ სტატიებს საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ. კერძოდ კი, ქართველი ებრაელების გამბედაობისა და მათი ანტისაბჭოთა დემონსტრაციის, თბილისის სომხური თეატრისა და გორხანის მუსლიმთა თბილისური სასაფლაოს შესახებ.
CIVICUS მეხუთე ნომერი არჩევნების თემატიკას უკავშირდება. აქ წაიკითხავთ საქართველოში არჩევნების ისტორიის, მისი თავისებურებებისა და განსაკუთრებულობების შესახებ. ასევე, გაეცნობით არაერთ სტატიას საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის და მისი ინკლუზიური ხასიათის შესახებ. ავტორები შეეცდებიან უპასუხონ შემდეგ კითხვებს: რა ძირითადი ნაკლოვანებები ახასიათებს მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში? რატომ ეშინიათ საქართველოს მმართველ პარტიებს პროპორციული საარჩევნო სისტემის? რამ გამოიწვია ამომრჩეველთა უზარმაზარი რიგები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში?
ნომერში ასევე გაეცნობით საარჩევნო სისტემების შედარებით ანალიზს, პირველ საარჩევნო პრეცედენტებს, ინფორმაციას საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებზე, ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვას 1897 წელს და გიორგი ლასხიშვილის მემუარებს.
"CIVICUS" მეოთხე ნომერი სოციალურ მოძრაობებს ეძღვნება. წინამდებარე ნომერში თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ "ჩარტისტულ მოძრაობაზე”. მათ წამოიწყეს ბრძოლა პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად, თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების დასამკვიდრებლად და ქონებრივი ცენზის გასაუქმებლად. ამით მათ თანამედროვე საარჩევნო სისტემებს ჩაუყარეს საფუძველი. აქვე გაეცნობით რუდი დუჩკესა და ჰიპების თავგადასავლებს. ავტორები შეეცდებიან უპასუხონ შემდეგ კითხვებს: საიდან იღებს სათავეს სტუდენტური პროტესტები და რა ფორმით მიმდინარეობდა ის საქართველოს ფარგლებს გარეთ? არის თუ არა აუცილებელი მილიონობით ადამიანის მობილიზება სოციალური მოძრაობის საწარმოებლად? რა სახის სოციალური ბრძოლის სტრატეგიები არსებობს თანამედროვე ეპოქაში?
ნომერში ასევე გაეცნობით 1905 წლის გურიისა და ბახვის მანიფესტის ისტორიას, კინოფილმებს სოციალური მოძრაობების შესახებ.
“CIVICUS”-ის მე-3 ნომრის თემა გამოხატვის თავისუფლებაა - ადამიანის შინაგანი სამყაროს პრეზენტაცია ნებისმიერი გამოხატვის საშუალებით იქნება ეს წიგნი, ფერწერული ტილო, მუსიკალური ნაწარმოები თუ რუპორი. ავტორები ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: სად უნდა გავავლოთ საზღვარი თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებას შორის? რა არის გამოხატვის თავისუფლების უმთავრესი ასპექტი? ლეგიტიმურია თუ არა გამოხატვის ყველა საშუალება? რა არის გამოხატვის თავისუფლების ფასი? როგორ რეგულირდება ეს ყველაფერი სამართლებრივი ჩარჩოებით? როგორ მუშაობდა საბჭოთა ცენზურა და როგორ შეეხო ის იმდროინდელ საქართველოს?
ნომერში ასევე გაეცნობით ინტერნეტ-ცენზურის საინტერესო მაგალითებს და ირანში არსებულ კედლის მხატვრობას, რაც პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად იქცა.
“CIVICUS”-ის მეორე ნომერი შშმ პირებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ნომერში გაეცნობით სტატიებს, სადაც საუბარია შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირების აუცილებლობაზე. ამ თემაზე იხილავთ როგორც ინტერვიუებს, რეპორტაჟებსადაპორტრეტებს, ისე დღიურის ტიპის ჩანაწერებსა და ამონარიდს რუბენ გალიეგოს წიგნიდან „თეთრით შავზე“. “CIVICUS”-ის რესპონდენტები და ავტორები ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცვლილებებისთვის? რა გახდის გარემოს უნივერსალურს? რა კეთდება საქართველოში შშმ პირთა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის?
ნომერში ასევე გაეცნობით შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის წარმატებულ მაგალითებს, თავად შშმ პირების გამოცდილებას და არსებული გარემოს შეფასებას.