,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ლიზი თევდორაშვილმა, ალინა ოგანესიანმა და ნინო მელიქიძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციისთვის’’.
საწყის ეტაპზე პროექტის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები-მარიამ ჯაფოშვილი, ინგა მაღრაძე და ელენე არბოლიშვილი. ტრენინგზე მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: რა გამოწვევებს აწყდებიან შშმ პირები ყოველდღიური ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ამ გამოწვევების პრევენცია, კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ და ა.შ.
პროექტის შემდგომ ეტაპზე ავტორები ესტუმრნენ ახალციხეში კამილიელთა სამედიცინო ცენტრს, რომლის თანამშრომლებმა გაუზიარეს ინფორმაცია ცენტრის ფუნქციების შესახებ, სტუდენტებმა ასევე მოისმინეს შშმ პირთა საჭიროებები და იხილეს მათი ნამუშევრები.
პროექტის დასკვნით ეტაპზე სტუდენტები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს-რუბენ კარაპეტიანს შეხვდნენ, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია შშმ პირებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე, თავის მხრივ, სტუდენტებმა თავიანთი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს და დააყენეს კამილიელთა ცენტრის ბენეფიციარებისთვის საჭირო საკანცელარიო რესურსების შეძენის საკითხი.
"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.