ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: ნანა გვარიშვილის, სულხან სირაბიძისა და ქეთი ჯაყელის პროექტის შესახებ მოგიყვებით. სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქედის მუნიციპალიტეტში’’, რომელიც მიზნად ისახავდა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების ჩართულობის გაზრდას სამოქალაქო აქტივიზმსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორებმა მრავალფეროვანი სტრატეგია დაისახეს. მათი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და ფუნქციები, თვითმმართველობის ორგანოები და ფორმები, საჯარო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარებისთვის საჭირო უნარები და რესურსები და ა.შ. თითოეული საკითხი განხილული იყო ადგილობრივ მაგალითებზე დაყრდნობით, რაც მონაწილეებს თეორიული მასალის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ასევე შეხვდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს: მუხრან სალაძეს, რეზო თურმანიძესა და ჯემალ ტაკიძეს. სტუმრებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია მერიისა და საკრებულოს აქტივობების, ფუნქციებისა და მოვალეობების შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.