,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: თედო ბიგვავა, ანა აბულაძე, ხატია ლაშხია და ონისე ბულისკირია ანხორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,შშმ პირთა სოციალიზაციის პრობლემები’’, რომელიც მიზნად ისახავს ახლაგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა შესახებ, ასევე აქტიური შშმ პირების წარმატებისა და გამოცდილების გაზიარებას.
პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდა ტრენინგი ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ ზუგდიდის რეგიონულ ოფისში, რომელსაც ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ზუგდიდის რეგიონული კოორდინატორი არჩილ თოდუა უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი, შშმ პირების ჩართულობა აქტივიზმში, დამსაქმებლის მიერ თანაბარი პირობების შექმნის მნიშვნელობა ნებისმიერი დასაქმებულისთვის. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი პრობლემები შშმ პირთა სოციალიზაციის კუთხით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.