2021 წლის 29 მაისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტი კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიება ჩატარდა zoom პლატფორმით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით 7 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომლებმაც 18 სამოქალაქო ჩართულობის პროექტი წარმოადგინეს.
ღონისძიების დასაწყისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და IFES საქართველოს პროგრამის მენეჯერმა დავით ღონღაძემ მიმოიხილეს საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ მიზანი და ის თუ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების თემატიკა მრავალფეროვანი, რეგიონულ პრობლემებზე ორიენტირებული და აქტუალური იყო. სტუდენტებმა წარმოადგინეს პროექტები საარჩევნო უფლებების, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობის, თვითადვოკატირების გაძლიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შშმ პირთათვის გარემოს ადაპტაციის, კონსტიტუციის შესახებ ცნობადობის ამაღლების, ცხოველთა დაცვისა და ა.შ მიმართულებით წარმოებული კამპანიების შესახებ. თითოეული პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შედგა კითხვა-პასხუხის რეჟიმი, რომლის ფარგლებში პროექტის ავტორებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს.
როგორც ზემოთ აღნიშნულია, პრეზენტაციაზე მონაწილეობდნენ 7 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ამ უნივერსიტეტებს შორისაა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრებითა და მოწვეული სტუმრებით. კომისიამ გამოავლინა 5 გამარჯვებული, გამარჯვებულებს შორისაა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: ხატია ლეონიძის, ნონა კოჩალიძის, ნიკა მამულაძის, ნიკა ინაიშვილისა და ცოტნე ქართველიშვილის პროექტი ,,ფერადი უსაფრთხოება’’, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: ბუბა ხუცურაულის, სოფიო ღორთლიშვილისა და დიანა ცივაძის პროექტი ,,კონსტიტუცია დღეს’’, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ტარიელ ხურციძის პროექტი ,,საზოგადოება მიუსაფარი ძაღლებისთვის: პრობლემები და გამოწვევები’’, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების: მაკა კვიწინაძისა და ქეთი შატაკიშვილის პროექტი ,,ძალადობა’’ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების: ანანო თევზაძის, ანა რაზმაძისა და მარი იმერლიშვილის პროექტი ,,ქართველი ქალი მწერლები სასკოლო პროგრამაში’’ გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები, პრეზენტაციაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს კი მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IFES საქართველოს პროექტის ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა (EPPS) საქართველოში’’ ფარგლებში.