11 აპრილს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაუტარდათ ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ქეთევან მუხიგული: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ტრენინგის ფარგლებში ქეთევან მუხიგულმა მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლები, სოციალური აქტივიზმისა და სოციალური ცვლილებების როლი საზოგადოების განვითარების პროცესში. ქეთევან მუხიგულმა მონაწილეებს ასევე გააცნო სამოქმედო პროექტების განხორციელების ციკლი, სტრუქტურა და სტრატეგიის შემუშავების პროცესი.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ სამუშაოებს, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს მათთვის საინტერესო სოციალურ პრობლემებზე და წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები. ტრენინგს ZOOM-პლატფორმის საშუალებით ჩაერთო თამარ ქარაია-CELA-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.