10 აპრილს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატირების კამპანიის თემებზე. ტრენინგს უძღვებოდა კახაბერ ურიადმყოფელი: სამართლის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, CELA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
ტრენინგის ფარგლებში კახაბერ ურიადმყოფელმა ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა აქტიური მოქალაქის მახასიათებლები, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალური ცვლილებების როლი სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესში. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საზოგადოებაში სოციალური ცვლილებების ციკლი, ფაქტორები და შედეგები.
ტრენინგის ბოლო სესია უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. კახაბერ ურიადმყოფელმა მონაწილეებს გააცნო ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი და სტრატეგიები. სესია მოიცავდა პრაქტიკულ დავალებას, რომლის ფარგლებში მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და საზოგადოებაში აქტუალურ სოციალურ პრობლემებზე ადვოკატირების კამპანიები შეიმუშავეს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.