ტრენინგი ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' -ის მონაწილეებისთვის ბათუმში გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 6-7 აპრილს ბათუმის მონაწილე სტუდენტებისთვის ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში ჩატარდა ტრენინგები. ტრენინგებს უძღვებოდნენ ზურა კვირკვაია-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ლალი ანთიძე, პროექტის კოორდინატორი ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ტრენინგების მიზანი პროექტის მონაწილეთა ადვოკატირების კამპანიის არსის გაცნობა, სამოქმედო პროექტების განხორციელებისთვისა და ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარება იყო.

ტრენინგ-კურსის პირველ დღეს ზურა კვირკვაიამ მონაწილეებს გააცნო ადვოკატირების კამპანიის ძირითადი მიზანი, ტიპები და სტრატეგიები, ადვოკატირებისა და ლობირების განმასხვავებელი ნიშნები. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2020’’-ის მონაწილეები: ხათუნა ვაშაყმაძე, თეა დანელია, ლაშა უსტიაშვილი, ბექა ჯოყილაძე და ბაია გაბედავა. მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს.

ტრენინგ-კურსის მეორე დღე უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო,  ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით მონაწილეები გაეცნენ სამოქმედო პროექტის სტრუქტურასა და სტრატეგიის შემუშავების პროცესს, ასევე იმ რესურსებს, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია. ტრენინგს zoom-პლატფორმის საშუალებით ჩაერთო თამარ ქარაია-CELA-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მონაწილეებს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’-ის ძირითადი მიზანი და სამოქმედო პროექტების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი საკითხები გააცნო. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებში მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.