საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) წარმოგიდგენთ ჯილდოს იმ მოქალაქეების ღვაწლის დასაფასებლად და წარმოსაჩენად, რომლებმაც თავდადებით იშრომეს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების დასაცავად და თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს დემოკრატიული ღირებულებების: თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გავრცელებასა და განვითარებას საქართველოში.
საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) სხვადასხვა განხორციელებული პროექტების საშუალებით 1995 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად IFES ახორციელებს ინოვაციურ, მრავალწლიან პროექტს „საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში“, რომელიც ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერებას.
CELA არის ადგილობრივი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობას“ ლექტორებს. CELA-ს მისიაა სამოქალაქო განათლების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია, მოქალაქეების სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოში.
2017 წლის აპრილში IFES/CELA-მ ჩაატარა დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის (14-დან 29 წლამდე) კონკურსი, რომლის გამარჯვებული გახდა 15 წლის გამომგონებელი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი შელეგია. ამჯერად, IFES/CELA აცხადებს კონკურს დემოკრატიის ქომაგის (29 წლიდან) ჯილდოს კანდიდატების წარსადგენად, რომლის კრიტერიუმებია:
კანდიდატი უნდა იყოს 29 წლიდან ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქე;
ადგილობრივ თემსა თუ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სამოქალაქო აქტივობების აქტიური და გამორჩეული წევრი.
კანდიდატი შესაძლოა იყოს ადგილობრივ თემსა თუ ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვის საკითხებში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა სამოქალაქო აქტივობებში ჩართული აქტიური და გამორჩეული მოქალაქე.
დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის ჯილდო გადაეცემა მოქალაქეს, რომელიც აქტიურად ცდილობდა დაეძლია დაბრკოლებები, განიხილავდა და ახმოვანებდა მისი თემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლიდა ადამიანის უფლებების განხორციელებას. კანდიდატების წარდგენისას წარმდგენმა უნდა აღწეროს კანდიდატის მიერ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად განხორციელებული აქტივობები და ინიციატივები. კერძოდ:
1. კანდიდატის სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია;
2. ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს კანდიდატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ის საზოგადოებრივი საკითხები და გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც სცადა კანდიდატმა საკუთარი აქტივობებით;
4. ბოლოდროინდელი სამოქალაქო აქტივობები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა
კანდიდატი, ასევე, ამ აქტივობების შედეგები და კონკრეტული მაგალითები, რითაც ხაზი გაესმება, თუ რატომ უნდა მიიღოს ჯილდო თქვენ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა. ასევე, სასურველია კანდიდატის საქმიანობის შესახებ დამატებითი მასალების - საგაზეთო ან სოციალური მედიასტატიების თანდართვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი თავის კანდიდატად წარდგენა არ განიხილება. კანდიდატის წარსადგენი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნოთ 2017 წლის 5 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@ifes.org დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2017 წლის 9 დეკემბერს.