22 მარტს ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრთა გასვლითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასოციაციის წევრებმა კოლეგებს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ კურსის სწავლების ფარგლებში მათ მიერ გამოყენებული სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია წარმოუდგინეს და სტუდენტებთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულა პროფესორმა, ქეთევან მუხიგულმა წარმოადგინა პრეზენტაცია სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებისა და თეორიების შესახებ. შეეცადა კოლეგებისთვის ეჩვენებინა სოკრატული სემინარის მეთოდის გამოყენების მნიშვნელობა სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პროცესში.
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორმა არინა თავაქარიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია „საქართველოში დევნილთა უფლებები და კონფლიქტი, როგორც სასწავლო მასალა.“ აღნიშნული მიდგომა კონფლიქტის გადაჭრის ექვს ეტაპიან მიდგომას ემყარება, რომლითაც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ ზოგადად კონფლიქტის არსს, იმსჯელონ მის გამომწვევ მიზეზებზე, მოიძიონ კონფლიქტის გადაჭრის გზები და ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეძლონ საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირება.
„დემოკრატია და მოქალაქეობის“ საგნის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტებმა საკუთარი სწავლების გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რომელიც ძირითადად სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადებული სტუდენტური პროექტების სამუშაო საკითხების მიმოხილვას მოიცავდა, როგორიცაა აღნიშნული პროექტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი შინაარსობლივი პრობლემატიკა, ასევე საინტერესო და ინოვაციური იდეები, თუ რამდენად ახერხებენ სტუდენტები საკუთარი იდეების, ეფექტიანად გადმოცემას და როგორ შეიძლება დავეხმაროთ სტუდენტებს კარგი და საინტერესო პროექტების მომზადებაში.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტების კომუნიკაციის პრობლემებსაც შეეხებოდა, კერძოდ იმ ხარვეზებს, რომელიც სტუდენტისათვის მათთან კომუნიკაციის პროცესში წარმოიშობა. პრეზენტაციაში აქცენტი გაკეთდა კომუნიკაციის ბიუროკრატიულ ნაწილზე, რაც ორივე აქტორისათვის პრობლემას წარმოადგენს.
ღონისძიების დასასრულს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ წევრებს ასოციაცია CELA-ს დაარსების დარეგისტრირებიდან ერთ წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ არაფორმალურად ამ გუნდის წევრები უკვე მეხუთე წელია ერთად მუშაობენ სამოქალაქო განათლების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა ასოციაციის წევრებს წლიური მუშაობის დეტალური ანგარიში წარუდგინა და ასევე შეეხო CELA-ს მიერ უახლოეს პერიოდში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.