ორ აპრილს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა რიგით მეოთხე დისკუსია თემაზე „ურბანული სამოქალაქო აქტივიზმი“. დისკუსიას უძღვებოდნენ „ტფილისის ჰამქარის" აღმასრულებლი დირექტორი თამარ ამაშუკელი და "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე. მოდერაციას უწევდა თამარ ქარაია.
მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ურბანული სამოქალაქო აქტივიზმისა და მისი გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოში და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, როგორიცაა "გადაარჩინე გუდიაშვილი" და "პარტიზანი მებაღეები ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ" განხილულ იქნა სტრატეგიები და მათი შედეგები.
ქალბატონმა თამარ ამაშუკელმა „ტფილისის ჰამქარის"საქმიანობაზე საუბრისას, რომლის ძირითად მიზანს ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს, ხაზი გაუსვა ადგილობრივი მაცხოვრებლების აქტიურ ჩართლობას ქალაქის განვითარების, უნიკალური ურბანული გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების პროცესში.
„პარტიზანი მებაღების“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ ისაუბრა ჯგუფის წევრების საქმიანობის ძირითად მიზანზე, რომლის თანახმადაც ისინი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯოებესებისა და მწვანე საფარის დასაცავად დღემდე აქტიურად იბრძვიან. ბატონმა ერეკლემ მოძრაობის მიერ, ვაკის პარკის გადასარჩენად, სასტუმრო „ბუდაპეშის“ მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში შეტანილ წვლილზეც ისაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდენ და წინააღმდეგობას უწევდნენ დედაქალაქის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას.
დისკუსიაზე ასევე ნაჩვენები იქნა "ტფილისის ჰამქარის' ინიციატივით მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეო "გაამაგრე გუდიაშვილი" სადაც ასახულია გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად გამართულ მოქალაქეთა ჩართულობას ასახავს.
დისკუსიის დასასრულს აღინიშნა, რომ სამოქალაქო აქტივიზმი თავის მხრივ ვრცელი თემაა, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეთა თვითორგანიზებას უკავშირდება. აქციები ვაკის პარკისა თუ გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეფექტურ სამოქალაქო აქტივიზმს. მთავარი ფაქტორი აქ განცდაა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სახლია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნებიდან გამომდინარე დავიცავთ.
დისკუსიათა სერია "დიალოგები დემოკრატიაზე" ხორციელდება "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.