ჟურნალ CIVICUS -ის მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

29 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის” (CELA) მიერ მომზადებული ჟურნალ CIVICUS–ის მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები, CELA–ს წევრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჟურნალის ახალი ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა თემატიკას მიეძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გაცილებით მეტ საქმეს აკეთებენ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ და ცდილობენ შეცვალონ ჩვენი სამყარო უკეთესობისაკენ. 

პრეზენტაციაზე CELA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, ისაუბრა CIVICUS-ის იდეის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის, რამეთუ ჟურნალის მიზანს სწორედ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევას ჟურნალი ისეთ საკითხებზე აქცენტრირებით ცდილობს, როგორიცაა საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრება, ადამიანთა უფლებები, ახალგაზრდების ჩართულობა. ჟურნალის მთავარი მისიაც ასევე იმ პიროვნებების გაცნობაა, რომლებიც სოციალური და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. 

CIVICUS-ის მეორე ნომერის პრეზენტაცისას ჟურნალის რედაქტორმა გიორგი ლოლაშვილმა და სტატიათა ავტორებმა დეტალურად განიხილეს სტრატიების მომზადების პროცესი და აღნიშნეს, რომ ისინი უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად საუბრობენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოებაში ცვლილებების განსახორციელებლად, რომელთა დანერგვაც სამყაროს ადაპტირებულს გახდის.  

ჟურნალის პრეზენტაციაზე უსინათლოთა კავშირში ოკუპირებული ტერიტორიების ფილიალის თავჯდომარემ დავით ყვირილიანმა საქართველოში უსინათლო და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე შეეხო იმ არაადაპტირებულ გარემოს, რომელშიც ძალიან რთულია ცხოვრება. ღიად ისაუბრა მათ სურვილზე, რომ იყვნენ საზოგადოების ერთი დიდი მთლიანობის ნაწილი და მათაც მიეცეთ საშუალება, მოიხადონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარების პროცესში, ხოლო ამ მიზნის  უმთავრეს პირობად ისევ და ისევ საზოგადოების არაინფორმირებულობა და ამ პროცესში მედიასაშუალებების როლი დაასახელა.


 პრეზენტაციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული უსინათლოთათვის ადაპტირებული კუთხე დაათვალიერა, რომელიც კურს დემოკრატია და მოქალაქეობის სტუდენტებმა ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში მხედველობადაქვეითებული ბავშვებისათვის შექმნეს. 


აღნიშნული ჟურნალის მომზადება შესაძლებელი გახდა  ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ფინანსური მხარდაჭერით,  IFES საქართველო-ს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში

ნომრის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე CELA.GE/CIVICUS ასევე CIVICUS ფეისბუქ გვერდზე.